dimanche 29 septembre 2013

ჩემი მორიგი კლასის მორიგი კლასელი გათხოვდა. სტატისტიკა უნდა შევადგინო რამდენი დაოჯახებული კლასელი მყავს. მე რომ გავთხოვდები გრძელ თეთრ ლიმუზინში ჩავჯდები და შამპანურს გავხსნი. მე რომ გავთხოვდები თეთრი უთვალავ-კღუჟაოიანი კაბა მეცმება. ყველაზა ლამაზი ვიქნები ვაფშე და ძაან ბევრს ვიცეკვებ. დავპატიჟებ ყველას. სამასკაციანი იქნება. ქმარი ბეჭედს რო გამიკეთებს თითზე მერე ფოტოგრაფი მოვა და ფოტოს გადაგვიღებს. მე რომ გავთხოვდები სიცივე იქნება და მე მოღეღილი კაბა მეცმევა. კანი ამებურძგლებ მაგრამ კანკალისგან თავს შევიკავებ და ბევრს გავიღიმებ. მე რომ გავთხოვდები იმ დღის ბოლოს ღიმილისგან ლოყები მეტკინება. მე რომ გავთხოვდები იმ დღეს ძაან დავიღლები და ლიმუზინშივე ჩამეძინება. მერე ქმარი ხელში ამიყვანს და ჩვენს პატარა სახლში ჩვენს დიდ ლოგინზე დამაწვენს, მერე საბანს დამაფარებს და თავზე ხელს გადამისვამს. მე რომ გავთხოვდები იმ დღეს ქარი იქნება და ბებიაჩემი აუცილებლად ცრემლს დაღვრის. მე რომ გავთხოვდები იმ დღეს ჯვარს დავიწერ და ღმერთს ვიწამებ. მე რომ გავთხოვდები იმ დღეს ბევრი ადამიანი გადამკოცნის და გილოცავო მეტყვის. იმ დღეს ბევრ საჩუქრებს მივიღებ და სახეზე უზარმაზარი მაკიაჟი მექნება. იმ დღეს დამალვა მომინდება მაგრამ ყვავილებით და ბანტებით მორთულ მაგიდასთან ვიჯდები და გაფაციცებული მოვუსმენ ათას სადღეგრძელოს. იმ დღეს ყველა დათვრება. ჩემი მეგობრები ჩემ სხვა მეგობრებს გაიცნობენ და ერთმანეთი შეუყვარდებათ. ვინმე გოგო ჩემ თაიგულს დაიჭერს და დარცხვენილი გადახედავს დანარჩენებს.იმ დღეს თეფშს დავამტვრევ, ტორტს გავჭრი და ჩემ ქმარს ვაჭმევ. მე რო გავთხოვდები იმ დღეს "სად მივყავართ მატარებლის ლიანდაგს" და "ვისია ვისია ქალი ლამაზის" იმღერებენ. მე რომ გავთხოვდები იმ დღეს გავთხოვდები ოღონდ არ გავჩუქდები. მე რომ გავთხოვდები ის დღეც ოცდაოთხი საათი გაგრძელდება. მე რომ გავთხოვდები ხსნილი იქნება და გზაში პიპინს ავტეხთ. მე რომ გავთხოვდები იმ დღეს რამდენჯერმე შევალ ტუალეტშ და ჩემი ფუშფუშა კაბის ქვეშ ძლივს ვიპოვი ტრუსიკს აი როგორც იმ ფილმშია, ლარს ფონ ტრიერის. მე რომ გავთხოვდები დიდი გოგო ვიქნები და ერთმანეთი გვეყვარება. მე რომ გავთხოვდები ხიდან ხეზე გადაფრინდება ჩიტი და მტკვარი ისევ სუნიანი იქნება. მე რომ გავთხოვდები იმ დღის ბოლოს მეორე დღე დაიწყება.იტრიალებს დედამიწა, საპნის დედამიწა იტრიალებს საპნის მზის  გარშემო.

Aucun commentaire:

Enregistrer un commentaire